English / ქართული /








Journal number 2 ∘ Lela Guledani
Innovative System Models and Georgia

The situation in every modern country in the modern global system is increasingly conditioned by its competitiveness, which directly depends on the structure and efficiency of the national innovative system.

There are different ways of innovative development of countries around the world. Today, for each country, despite the level of development, the development of its own national innovative strategy is a benchmark. Consequently, it is vital for Georgia to form a national innovation system and develop a country’s innovative development strategy.

Nowadays there are regulatory acts and initial infrastructure in Georgia, but there is no strategy on innovation, therefore there is no tactic and action plan.

The determinant of the specificity of national innovative policy in Georgia should become the country’s national principles, objectives, tasks and the formation of unique combinations of its implementation methods. In the development of an innovative strategy, the maximum harmonization of the participants’ interests should take place.

The above mentioned problems are emphasized in the article.

Keywords: National Innovation System; Innovative Strategy; Model of Innovative System; Law of Georgia on Innovations; Georgian Innovations and Technologies Agency.

JEL Codes: O30, O31, O38

ინოვაციური სისტემის მოდელები და საქართველო

თანამედროვე გლობალურ სისტემაში ყოველი ქვეყნის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო განპირობებული ხდება მისი კონკურენტუნარიანობით, რაც პირდაპირ დამოკიდებულია ეროვნული ინოვაციური სისტემის სტრუქტურასა და ეფექტიანობაზე.

მსოფლიოში ქვეყნების ინოვაციური განვითარების სხვადასხვა გზა არსებობს. დღეს თითოეული ქვეყნისათვის, მიუხედავად განვითარების დონისა, ამოსავალია საკუთარი ეროვნული ინოვაციური სტრატეგიის შემუშავება. შესაბამისად, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეროვნული ინოვაციური სისტემის ფორმირება და ქვეყნის ინოვაციური განვითარების სტრატეგიის შემუშავება.

დღესდღეობით საქართველოში შექმნილია მარეგულირებელი აქტები და საწყისი ინფრასტრუქტურა, მაგრამ არ არის ჩამოყალიბებული ინოვაციების შესახებ სტრატეგია, შესაბამისად, არც ტაქტიკა და სამოქმედო გეგმა არსებობს.

საქართველოში ეროვნული ინოვაციური პოლიტიკის სპეციფიკის განმსაზღვრელი უნდა გახდეს ქვეყნის ეროვნული პრინციპების, მიზნების, ამოცანების გამოკვეთა და მისი შესრულების მეთოდების უნიკალური კომბინაციების ფორმირება. ინოვაციური სტრატეგიის შემუშავებისას უნდა მოხდეს პროცესში მონაწილეთა ინტერესების მაქსიმალური ჰარმონიზაცია.

სწორედ აღნიშნულ პრობლემებზეა სტატიაში ყურადღება გამახვილებული.

საკვანძო სიტყვები: ეროვნული ინოვაციური სისტემა; ინოვაციური სტრატეგია; ინოვაციური სისტემის მოდელი; საქართველოს კანონი ინოვაციების შესახებ; საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.

ქვეყნის ინოვაციური განვითარების გზები

შრომის საერთაშორისო დანაწილების თანამედროვე გლობალურ სისტემაში უფრო და უფრო მძაფრდება კონკურენცია ეკონომიკის განვითარების მოდელებს შორის, ხოლო სახელმწიფოს მდგომარეობა საერთაშორისო არენაზე სულ უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება მისი კონკურენტუნარიანობის შესაძლებლობაზე. სახელმწიფოს კონკურენტუნარიანობა კი პირდაპირ დამოკიდებულია ეროვნული ინოვაციური სისტემის სტრუქტურასა და ეფექტიანობაზე.

სწორედ სახელმწიფოს ეროვნული ინოვაციური სისტემა, ინოვაციური პროცესებისა და ტენდენციების სიჩქარე, მოცულობა და მასშტაბები უზრუნველყოფს მის შესაძლებლობას დაიკავოს გამოკვეთილი ნიშა შრომის საერთაშორისო დანაწილების სისტემაში და შეიძინოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონა საერთაშორისო ურთიერთობებში, ასევე უზრუნველყოს ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის მაღალი დონე.

მსოფლიოში სულ უფრო იზრდება კონკურენცია, ვითარდება ტექნოლოგიები, მსოფლიო ეკონომიკა ხომ შეზღუდული რესურსების პირობებში ფუნქციონირებს, მცირდება პროდუქციის სასიცოცხლო ციკლი. ამიტომაც, თითოეული ქვეყნისათვის, მიუხედავად იმისა, განვითარების რა დონეზე იმყოფება ის, ამოსავალი წერტილია ეროვნული ინოვაციური სტრატეგიის შემუშავება. რაც შეეხება ინოვაციური საქმიანობის ინტერნაციონალიზაციას, ის საჭიროებს უდიდეს ადამიანურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საკანონმდებლო ძალისხმევას.

მსოფლიოში იზრდება ქვეყნების ინოვაციური განვითარების გზები, რადგან ისინი ირჩევენ ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკას. სახელმწიფოში ინოვაციური სისტემის განვითარება ხელს უწყობს საქმიანობის ყველა სფეროში ურთიერთობების ტრანსფორმირებას და სტიმულირებას. იმისათვის, რომ შეიქმნას საქართველოს ეროვნული ინოვაციური სისტემა და შეფასდეს მისი ფორმირების პერსპექტივები, აუცილებელია საზღვარგარეთის ქვეყნების ინოვაციური სისტემის არსებული მოდელებისა და ინოვაციის განვითარების სტრატეგიების საფუძვლიანი შესწავლა და ადეკვატური გამოყენება.

საზღვარგარეთის ქვეყნების ინოვაციური სისტემის მოდელები

ინოვაციურ სფეროში სახელმწიფო მხარდაჭერის გამოცდილება საზღვარგარეთის ქვეყნებში მოწმობს იმაზე, რომ პირობითად შეიძლება გამოვყოთ სახელმწიფოს ინოვაციური განვითარების ორი ძირითადი მოდელი [1,გვ.25].

- პირველი მოდელი, ორიენტირებულია საერთო ეროვნული დანიშნულების მქონე მეცნიერულ-ტექნიკური კვლევების, პროგრამებისა და პროექტების შესრულებაზე, რომელშიც მთავარი მიზანია ქვეყნისთვის პრიორიტეტული მნიშვნელობის დარგების შესაძლებლობების წახალისება და განვითარება;

- მეორე მოდელი, ორიენტირებულია გავრცელებული მეცნიერულ-ტექნიკური ცოდნის „ნოუ ჰაუს“ გადმოტანაზე, სადაც მთავარ მიზანს წარმოადგენს ახალი ტექნოლოგიების ათვისების შესაძლებლობების ამაღლება, ეკონომიკის დარგების ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაფართოება. ხშირად ეს ეხება ინოვაციური ინფრასტრუქტურის, განათლებისა და პროფესიონალური მომზადების სისტემის სრულყოფას.

მოცემული მოდელების რეალიზაცია ხელს უწყობს ქვეყნის ეროვნული პრინციპების, მიზნებისა და ამოცანების, მათი შესრულების მეთოდების უნიკალური კომბინაციების ფორმირებას, რომელიც განსაზღვრავს ეროვნული ინოვაციური პოლიტიკის სპეციფიკას.

სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე შეიძლება გამოვყოთ განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების სახელმწიფო ინოვაციური პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულებები. (იხ. ცხრილი 1)

ინოვაციური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები სხვადასხვა ქვეყანაში [2,გვ.56]

ცხრილი 1

ქვეყანაში გატარებული ინოვაციური პოლიტიკის მიხედვით მსოფლიო შეიძლება დავყოთ სამ ძირითად ჯგუფად:1. ქვეყნები, ორიენტირებული ლიდერობაზე მეცნიერებაში, მსხვილმასშტაბურ მიზნობრივ პროექტებზე, რომელიც მოიცავს ინოვაციური ციკლის ყველა სტადიას, როგორც წესი, მნიშვნელოვანი წილით სამხედრო სფეროს მეცნიერულ ინოვაციურ პოტენციალში (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და სხვა);

2. ქვეყნები, ორიენტირებული ხელსაყრელი ინოვაციური გარემოს შექმნაზე, ეროვნული ეკონომიკის ოპტიმიზაცია და დივერსიფიკაცია (გერმანია, შვედეთი, შვეიცარია და სხვა);

3. ქვეყნები, რომლებიც ასტიმულირებენ სიახლეებს ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარების გზით, მსოფლიო მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მიღწევების მგრძნობელობის უზრუნველყოფა, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში სხვადასხვა სექტორის საქმიანობის კოორდინაცია. (იაპონია, სამხრეთი კორეა და სხვა).

უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს ინოვაციური პოლიტიკის ფორმირებისადმი მიდგომა ყველა ქვეყანაში განსხვავდება და გამომდინარეობს ქვეყნის ეროვნული მახასიათებლებიდან. ასე, მაგალითად, ფინეთში - ეროვნული ეკონომიკის დივერსიფიკაცია, საფრანგეთში - მცირე ინოვაციური ბიზნესის შექმნა და განვითარება, აშშ-ში ეროვნული ეკონომიკის რესტრუქტურიზაცია.

ინოვაციური გრადაციის მიმართულებები

თითოეული სახელმწიფო ირჩევს საკუთარ ინოვაციურ პოლიტიკას, სახავს მიზნებს შიგა და გარე ფაქტორების განვითარების გათვალისწინებით, მათი რეალიზაციის სტრატეგიას და ტაქტიკას, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყანას მიაღწიოს ინოვაციური აქტიურობის მოთხოვნად დონეს.

ინოვაციური აქტიურობის გრადაცია გულისხმობს შემდეგ მიმართულებებს:

- ინოვაციური აქტიურობა, მიმართული ტექნოლოგიური ინოვაციების სტიმულირებაზე;

- ინოვაციური აქტიურობა, მიმართული სოციალურ-ეკონომიკურ სიახლეზე;

- ინოვაციური აქტიურობა, მიმართული ეროვნული ეკონომიკის ფორმირებაზე;

- ინოვაციური აქტიურობა, მიმართული მსოფლიო საზოგადოების განვითარების მიმართულების შეცვლაზე. ინოვაციური აქტიურობის დონე მთლიანად განისაზღვრება ინოვაციური სტრატეგიით, მისი პარამეტრებით, ინოვაციური პროცესით, რომელშიც ჩართულია საზოგადოების ყველა ელემენტი, როგორც ყველა დონეზე, ასევე ჩართულობის მაღალი ხარისხის გათვალისწინებით. ამიტომ, ინოვაციის სტრატეგიის პარამეტრებზე შეთანხმების დონე დამოკიდებულია ინოვაციურ პროცესებში მოცემული ელემენტების ინტეგრაციის დონესა და მისი რეალიზაციის ეფექტიანობაზე.

ინოვაციური სტრატეგია იმ წესებისა და ნორმების ერთობლიობაა, რომელიც განსაზღვრავს სიახლეების შერჩევისა და რეალიზაციის სისტემას, პროცედურას, როგორც ტექნოლოგიაში, ასევე ტექნოლოგიების მართვაში, განვითარების საერთო ორიენტაციის შესაბამისად.

ინოვაციური სტრატეგიის მთავარი ამოცანაა ინოვაციურ და სხვადასხვა პროცესში მონაწილეების ინტერესების ჰარმონიზაციის მაქსიმალური შესაძლო დონის მიღწევა.

მაღალგანვითარებული ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც მიაღწიეს წარმატებებს სიახლეების დანერგვასა და ინოვაციური პროდუქციის ექსპორტში, საშუალებას იძლევა გამოვყოთ ინოვაციური პოლიტიკის განვითარების რამდენიმე სტრატეგია: 

„გადატანის“ სტრატეგია, ანუ გამოყენებადი მეცნიერულ-ტექნიკური პოტენციალის გადმოტანას საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საკუთარ ეკონომიკაში. მისი სპეციფიკაა ის, რომ ქვეყანა იმპორტირებას უკეთებს ტექნოლოგიებს მაღალი განვითარებული ქვეყნებიდან, შემდეგ ამატებს ტექნოლოგიებს და შესაბამის ბაზაზე ქმნის საკუთარ მეცნიერულ-ტექნიკურ კომპლექსს.

ასეთი სტრატეგია წარმატებით განახორციელა იაპონიამ. იაპონია ბოლო ათწლეულში მაღალგანვითარებული ქვეყნებიდან (აშშ, ინგლისი, საფრანგეთი) ყიდულობდა ლიცენზიებს მაღალეფექტიან ტექნოლოგიებზე, რათა დაენერგა უახლესი პროდუქციის წარმოება, განევითარებინა საკუთარი მეცნიერულ-ტექნიკური და მეცნიერულ-საწარმოო პოტენციალი, რომელიც შემდგომში უზრუნველყოფდა სრულ ინოვაციურ ციკლს, დაწყებული - ინოვაციის ფუნდამენტალური კვლევებით, შემუშებითა და დანერგვით, ხოლო შემდეგ - ქვეყნის შიგნით და მსოფლიო ბაზარზე რეალიზაციით დამთავრებული.

„სესხების“ სტრატეგიის არსია ის, რომ იაფ მუშახელზე დაყრდნობითა და საკუთარი მეცნიერულ-ტექნიკური პოტენციალის გამოყენებით ხდება იმ პროდუქციის წარმოების ათვისება, რომელიც იწარმოებოდა განვითარებულ ინდუსტრიულ ქვეყნებში, შემდგომში, საკუთარი საინჟინრო-ტექნიკური საშუალებების დახმარებით პროდუქციის წარმოების დაწყება, მეცნიერულ- ტექნიკური პოტენციალის აღორძინება, რომელიც შეძლებს ჩაატაროს საკუთარი მეცნიერულ-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო­ სამუშაოები, ეკონომიკის საბაზრო და სახელმწიფო ფორმების შესაბამისობის გამოყენებით ინოვაციური საქმიანობის აქტივიზაციის უზრუნველყოფა.

ასეთი სტრატეგია ხორცილედება ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში. კლასიკური მაგალითია სამხრეთ კორეის კონკურენტუნარიანი საავტომობილო მრეწველობის, საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკისა და მაღალეფექტიანი საშუალებების, გამოთვლითი ტექნიკის შექმნა.

„ზრდის“ სტრატეგია, რომელსაც ახორციელებს მაღალგანვითარებული ქვეყნები, პირველ რიგში, აშშ, ინგლისი, გერმანია, საფრანგეთი, არის ის, რომ საკუთარი მეცნიერულ-ტექნიკური პოტენციალის გამოყენებით, საზღვარგარეთის ქვეყნების მეცნიერებისა და კონსტრუქტორების მოწვევით, უნივერსიტეტების ფუნდამენტალური მეცნიერებისა და ფირმების გამოყენებითი მეცნიერების ინტეგრირებით, უწყვეტად იქმნება ახალი პროდუქტი სოციალურ სფეროში, ესე იგი ხდება ინოვაციების მუდმივი ზრდა.

ზემოთ აღნიშნული ინოვაციური სტრატეგიის რეალიზაციის შედეგად ქვეყანა ირჩევს საკუთარ ინოვაციურ პოლიტიკას და ინოვაციური განვითარების მოდელს.

დღეისათვის შეიძლება გამოვყოთ ინოვაციური განვითარების სამი საბაზისო მოდელი:

პირველი მოდელია „ტრადიციული მოდელი“.

ეს მოდელი გულისხმობს სრულ ინოვაციურ ციკლს - ინოვაციური იდეის ფორმირებიდან დაწყებული, ინოვაციური პროდუქტის მასობრივი წარმოებით დამთავრებული.

როგორც წესი, ეს მოდელი თავისთავში მოიცავს ეროვნული ინოვაციური სისტემის სტრუქტურის ყველა კომპონენტს: ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერების მიღწევებს, კვლევებისა და შემუშავების სფეროს, პროდუქტის საცდელი ნიმუშის წარმოებასა და მასობრივი წარმოების ორგანიზებას და ექსპერტიზას, კადრების დაფინანსებასა და რეპროდუქციას. ინოვაციური სისტემის ტრადიციული მოდელის თალსაჩინო მაგალითებია ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკური რეგიონის ქვეყნები.

მეორე მოდელია „თანამედროვე მოდელი“.

ინოვაციური განვითარების მოცემული მოდელი მნიშვნელოვნად განსხვავდება ზემოთ განხილული ტრადიციული მოდელისაგან და წარმოდგენილია ძირითადად აღმოსავლეთ აზიაში: იაპონია, სამხრეთი კორეა, ჰონგკონგი და ჩინეთი.

აღმოსავლეთ აზიურ ინოვაციურ ციკლში, როგორც წესი, არ არსებობს ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერება. ეს ინოვაციური მოდელები უპირატესად ორიენტირებულია მაღალტექნოლოგიური პროქდუქციის ექსპორტზე. ტექნოლოგიები მათ ნასესხები აქვთ ტრადიციული მოდელის ქვეყნებიდან.

მესამე მოდელია „ალტერნატიული მოდელი“.

ინოვაციური განვითარების ეს მოდელი გამოიყენება ქვეყნებში, რომლებიც არ ფლობენ მნიშვნელოვან პოტენციალს ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერების დარგში, სადაც სოფლის მეურნეობა ჯერ კიდევ ძველებურად ასრულებს მნიშ­ვნელოვან როლს ეკონომიკაში, რომელიც არ გამოირჩევა იმ ნედლეულის მარაგების სიმდიდრით, რომლის გადამუშავების ტექნოლოგიები ან გაყიდვა შეიძლება გახდეს ეროვნული კონკურენტუნარიანობის საფუძველი.

აქედან გამომდინარე, მოცემული ქვეყნების ინოვაციების ციკლში არ არსებობს ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერების ბლოკი და ასევე, პრაქტიკულად არ არსებობს მაღალტექნოლოგიური ციკლი.

როგორც წესი, ასეთი ქვეყნების ინოვაციური პოლიტიკა კონცენტრირებულია ტექნოლოგიების სესხებასა და გავრცელებაზე, და არა ახალი ტექნოლოგიების შექმნაზე, ეკონომიკის დარგში მენეჯმენტის, ხოლო სოციოლოგიის და შრომის ფსიქოლოგიის დარგში განათლების განვითარებაზე, ფინანსური და სხვა საქმიანობისათვის კადრების გადამზადებაზე, მსუბუქი მრეწველობის ფრაგმენტების განვითარებაზე.

მოცემული მოდელის ქვეყნებისათვის დამახასიათებელია ტექნოლოგიების სფეროს განვითარების რეორგანიზაცია სოციალურ ინოვაციებზე. ასეთი მიდგომა ეხმარება მათ მიაღწიონ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპებს.

ალტერნატიულ მოდელს იყენებს ტაილანდი, თურქეთი, პორტუგალია, ჩილე, იორდანია.

ინოვაციური პროცესები საქართველოში

დღეისათვის არსებობს ქვეყნების ინოვაციური განვითარების სხვადასხვა მოდელი, რომლის ჩარჩოებშიც განისაზღვრება ინოვაციურ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. დღეს საქართველომ უნდა აირჩიოს ინოვაციის აქტივიზაციის საკუთარი სტრატეგია, რომელიც დაეყრდნობა საკუთარ ინტელექტუალურ და მეცნიერულ-ტექნიკურ პოტენციალს, შეიმუშავებს ქვეყნაში ინოვაციური პროცესების პირდაპირი და ირიბი რეგულირების შესაბამისი მეთოდების კრებულს.

ინოვაციურ პროცესებთან დაკავშირებით საქართველო ახლა იწყებს ნაბიჯების გადადგმას. იმისათვის რომ დავინახოთ, თუ როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში ეს პროცესი, გადავხედოთ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მიერ ბოლო წლებში მიღებულ დოკუმენტებს ინოვაციურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ასევე შევაფასოთ, როგორ ხდება ამ დოკუმენტების მიხედვით დასახული ამოცანების აღსრულება.

ქვეყნის ეკონომიკური, მათ შორის დარგობრივი პოლიტიკის შემუშავებასა და განსაზღვრაში, პირველ რიგში, საქართველოს პარლამენტი მონაწილეობს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სახით. კომიტეტის საქმიანობა მოიცავს ყველა იმ სფეროს, რომელიც უკავშირდება ეკონომიკას ან პირდაპირ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე. კომიტეტს საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში მოჰყავს ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკასთან და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საკონტროლო და კანონშემოქმედებით საქმიანობას, აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება [3,გვ.6] .

კომიტეტის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებში, ერთ-ერთია ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის სტიმულირება.

2016 წლის 22 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო “საქართველოს კანონი ინოვაციების შესახებ“, რომლის მიზანია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელი ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის შექმნა და სრულყოფა, ქვეყანაში ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობა, სხვა სახელმწიფოებში შექმნილი ტექნოლოგიების საქართველოში ათვისების ხელშეწყობა, საქართველოში შექმნილი ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების დანერგვისა და ექსპორტის ხელშეწყობა, მოწინავე ტექნოლოგიების მეცნიერებისა და ეკონომიკის ყველა სფეროში შეღწევა ამ სფეროთა კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით.

„ინოვაციების შესახებ“ კანონის მიხედვით, ინოვაციური საქმიანობის ხელშესაწყობად სახელმწიფოში იქმნება შემდეგი ინფრასტრუქტურა [4,გვ.3]:

- ა) სამეცნიერო/ტექნოლოგიური პარკი;

- ბ) ბიზნესინკუბატორი;

- გ) ბიზნესამაჩქარებელი;

- დ) ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრი;

- ე) სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (FabLab) და ინოვაციების ლაბორატორია (ILab);

- ვ) ინოვაციების ცენტრი.

რაც შეეხება ქვეყნის აღმასრულებელ რგოლს, (საქართველოს მთავრობა, დაინტერესებული სამინისტროები) 2014 წლის 17 ივნისის დადგენილებით, საქართველოს მთავრობამ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია -„საქართველო 2020“ დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი ამოცანაა ინოვაციური საქმიანობის და უახლესი ტექნოლოგიების გადაცემისა და დანერგვის კომპლექსური ხელშეწყობა როგორც ეროვნულ, ასევე რეგიონულ დონეზე. [5,გვ.27]

საკანონმდებლო და მთავრობის დოკუმენტების მიხედვით, ქვეყნის მიზანია ინოვაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება, კვლევისა და განვითარებისათვის საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და მათი კომერციალიზაციის ხელშეწყობა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის გაძლიერება, ეკონომიკაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მაქსიმალურად ფართოდ გამოყენების ხელშეწყობა.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში გატარებული პოლიტიკით საქართველოს მთავრობის სურვილია მიაღწიოს კომპანიების მიერ მოწინავე ტექნოლოგიების ტრანსფერისა და პრაქტიკაში დანერგვის გაძლიერებას, სამეცნიერო წრეებსა და ბიზნესს შორის კავშირის გამყარებას, ინოვაციების დამაკმაყოფილებელი დონის არსებობას, ამის შედეგად, ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ქართული ექსპორტის უფრო მაღალტექნოლოგიურ პროდუქტზე ორიენტაციას [6,გვ.3]

ინოვაციური პროცესების პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელ ინსტიტუციად საქართველოს მთავრობამ, 2014 წლის 18 თებერვლის №172 დადგენი­ლებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო“(სააგენტო) განსაზღვრა [7,გვ.1]. „ინოვაციების შესახებ“ კანონის მიხედვითაც სააგენტო ახორციელებს მთავრობის სათათბირო ორგანოს კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფას. კვლევებისა და ინოვაციების საბჭო, თავის მხრივ, ზრუნავს ინოვაციების სფეროში სახელმწიფო სტრატეგიის, ეროვნული და რეგიონალური ინოვაციების ეკოსისტემების განვითარების კოორდინაციაზე, როგორც სახელმწიფო უწყებებს შორის, ასევე სახელმწიფო, კერძო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო სექტორებს შორის. საბჭო შედგება 21 წევრისაგან და მას თავმჯდომარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მასში შედიან როგორც მოქმედი მინისტრები და პარლამენტარები, ასევე მეცნიერები და ბიზნეს-წარმომადგენლები.

საბჭოს ფუნქციებში შედის პროექტ - „ინოვაციური საქართველო 2020“-სა და ინოვაციების სფეროში სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება. აქედან გამომდინარე, მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პრიორიტეტების და მათზე დაფუძნებული პროგრამების განსაზღვრა და განხორციელების ხელშეწყობა [8,გვ.5].

სსიპ - „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ მიერ დაფუძნების დღიდან მოცემულ მომენტამდე, შექმნილია შემდეგი ინფრასტრუქტურები:

ა) ორი ტექნოლოგიური პარკი - თბილისსა და ზუგდიდში;

ბ)თბილისის ტექნოლოგიურ პარკში ხორციელდება ბიზნესინკუბატორის პროექტი, რომელიც არის მიმდინარე და განახლებადი;

გ) 2016 წელს განხორციელდა ბიზნესამაჩქარებლის პროექტი;

დ) სააგენტოს მიერ საგრანტო დაფინანსების გზით შექმნილია:

- ოთხი სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია;

- ოთხი ინოვაციების ლაბორატორია;

- სამი ინოვაციების ცენტრი.

ამჟამად სააგენტო მუშაობს საქართველოში პირველი ბიოტექნოლოგიების ცენტრის პროექტზე.

შემუშავებულია ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრის კონცეფცია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ცენტრის ფუნქციონირებისთვის.

სამწუხაროდ, მოცემული მომენტისათვის არ არის მომზადებული ანგარიში ინოვაციურ საქმიანობასთან დაკავშირებით, ასევე, არ არის დამტკიცებული ინოვაციების სფეროში სახელმწიფო სტრატეგია.

ამჟამად საბჭოს დებულებაში შედის ცვლილება, რომლითაც უნდა განისაზღვროს საბჭოს მიერ ზემოაღნიშნული ანგარიშის წარდგენის ვადა და სტრატეგიის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი.

2014-2015 წელს სააგენტომ განხორციელდა პირველი საგრანტო კონკურსი, [9,გვ.2], რომლის ფარგლებში გრანტის სახით 2014 წელს გაიცა დაახლოებით 300 000 ლარი, ხოლო 2015 წელს - 450 000 ლარი. პარალელურად, 2015 წელს დაიწყო და ამჟამადაც მოქმედებს მცირე საგრანტო დაფინანსების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც კონკურსის შედეგად გაიცემა გრანტი (5000 ლარამდე) ინოვაციური პროდუქტის პროტოტიპის შექმნის, ტესტირების, გრანტის მიმღების მიერ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობისა და საქართველოში გასამართი ღონისძიებების დასაფინანსებლად. მცირე საგრანტო პროექტის ფარგლებში გრანტის სახით 2015 წელს გაიცა - 84 000 ლარი, 2016 წელს - 250 000 ლარი, 2017 წელს - 180 000 ლარი.

2016 წლის ივნისიდან, ქვეყანაში ამოქმედდა ვენჩურული საინვესტიციო პროგრამა - «სტარტაპ საქართველო“, რომელმაც ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა დამწყები ბიზნესების ინოვაციურ იდეებს [10,გვ.2]. ის მოიცავს როგორც დაფინანსებას, ასევე, საგადასახადო და იურიდიული პროცედურების გამარტივებას, შესაბამისი განათლების ხელშეწყობას. სააგენტო აფინანსებს როგორც უნიკალურ მაღალტექნოლოგიურ ინოვაციურ იდეებს, როგორიცაა ავიაკოსმოსური წარმოება, ავტომობილები, ხელოვნური ინტელექტი, ბიოტექნოლოგიები, ბიოინფორმატიკა, კომპიუტერული ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერება, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ნანოტექნოლოგიები, ბირთვული ფიზიკა, ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რობოტიკა, ნახევარგამტარები და ტელეკომუნიკაცია, ასევე ინოვაციურ პროექტებს. მთლიანად პროგრამისთვის პირველ ეტაპზე გამოიყო 11 მლნ ლარი, რაც შემდეგ 35 მლნ ლარამდე გაიზარდა. 2016 წელს სააგენტომ დააფინანსა გამარჯვებული 10 სტარტაპ კომპანიის ინვესტიციები. ამჟამად სააგენტო მუშაობს სტარტაპ საქართველოს მეორე ეტაპის განხორციელებაზე.

2016 წლიდან ბიზნეს-ინკუბატორებსა და აქსელერატორებში ინკუბაციის პროცესი გაიარა 16-მა გამარჯვებულმა გუნდმა. მოხდა მათი ინტელექტუალური და ინფრასტრუქტურული რესურსებით უზრუნველყოფა და პირველადი ინვესტიციის მისაღებად მომზადება.

სააგენტო ახორციელებს „სტარტაპ მეგობრულ“-ს, რაც გულისხმობს ონლაინ პლატფორმას, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს კერძო ბიზნესსა და სტარტაპებს, „სტარტაპ ბითს“-ს, რომელიც გულისხმობს საქართველოს და უცხოეთში მომუშავე წარმატებული ქართველი მეწარმეების მიერ ქართველი სტარტაპებისთვის გამოცდილების გაზიარებას და „Boot Camp“-ს, რომელიც წარმოადგენს განათლების მიღების ინტენსიურ სესიას, რომლის მიზანია დაეხმაროს ინოვატორებსა და მეწარმეებს გადალახონ კონკრეტული გამოწვევები საკუთარი ბიზნესის განვითარების პროცესში და ხელი შეუწყოს მათ წარმატებული, ზრდაზე ორიენტირებული კომპანიის ჩამოყალიბებაში.

2016 წლის 28 მარტს, საქართველოს მთავრობასა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD)  შორის ხელი მოეწერა 5 - წლიან (2016-2021 წლები) სასესხო ხელშეკრულებას საქართველოსათვის 40 მლნ აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ  ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის (GENIE) პროექტის  განხორციელების მიზნით. GENIE პროექტის მთავარი მიზანია საქართველოში ფირმებისა და ფიზიკური პირების ინოვაციური საქმიანობის გაფართოება და ციფრულ ეკონომიკაში მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა. 

აღნიშნულის მისაღწევად დაგეგმილია ინოვაციების რეგიონული და სათემო ცენტრების ფორმირება, სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და მცირე ბიზნესისათვის ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, მეწარმეებისათვის ციფრული და ელექტრონული წიგნიერების უნარების და შესაძლებლობების განვითარება, მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური სტარტაპებისათვის დაფინანსებასთან წვდომის უზრუნველყოფა.

ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტი 4 ძირითადი კომპონენტისაგან შედგება:

• ინოვაციების ინფრასტრუქტურის შექმნა;

• ინოვაციების ხელშემწყობი სერვისების უზრუნველყოფა;

• ინოვაციების დაფინანსება;

• პროექტის განხორციელებისათვის ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა.

ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბების ხელშესაწყობად და ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრელად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2016 წლის შემოდგომიდან ახორციელებს მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან წვდომის ხელშეწყობის პროგრამას მთელი საქართველოს მასშტაბით.

აღნიშნული პროგრამით საქართველოს მოსახლეობის 97%-ისთვის 2025 წლისთვის ხელმისაწვდომი იქნება არანაკლებ 30 მბტ/წმ სიჩქარის ინტერნეტი, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი მოქალაქეების ჩართულობას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში. ამასთან, პროგრამა ხელს შეუწყობს სატელეკომუნიკაციო სფეროში თავისუფალ სამეწარმეო საქმიანობას, კონკურენციის განვითარებას და კერძო ინვესტიციების მოზიდვას.

საინტერესოა გადავხედოთ საერთაშორისო რეიტინგებსა და შეფასებებში საქართველოს ინოვაციური შესაძლებლობების პოზიციებსა და დინამიკას 137 ქვეყანას შორის 2013 - 2017 წლებში (იხ. ცხრილი 2).

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებსა და შეფასებებში (ცხრილი შედგენილია ავტორის მიერ) [11,12,13]

ცხრილი 2

ცხრილის მონაცემებზე დაყრდნობით თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს, საერთო ანგარიშით, არა აქვს სახარბიელო პოზიციები ინოვაციების თვალსაზრისით, ყველაზე ცუდი პოზიციები ფიქსირდება შემდეგი მიმართულებით: კომპანიების დანახარჯები კვლევასა და განვითარებაზე, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხარისხი, თანამშრომლობა უნივერსიტეტებსა და წარმოებას შორის კვლევებსა და განვითარებაზე, ხელმისაწვდომობა მეცნიერებსა და ინჟინრებზე. დაბალია ასევე კომპანიების მიერ ტექნოლოგიების ათვისების დონე, უახლოეს ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა, ტექნოლოგიური ათვისება, ასევე, უცხოური პირდაპირი ინვესტიციები და ტექნოლოგიების ტრანსფერი.

* * *

დასასრულ, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ინოვაციური პოლიტიკის გატარება საქართველოში მხოლოდ საწყის ეტაპზეა, შექმნილია მარეგულირებელი აქტები და საწყისი ინფრასტრუქტურა, მაგრამ არ არის ჩამოყალიბებული ინოვაციების შესახებ სტრატეგია, შესაბამისად, არც ტაქტიკა და სამოქმედო გეგმა არსებობს. საქართველომ უნდა აირჩიოს საკუთარი ინოვაციური პოლიტიკა და მისი ფორმირება უნდა მოახდინოს ქვეყნის ეროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე, რომელიც საშუალებას მოგვცემს მივაღწიოთ ინოვაციური აქტიურობის მოთხოვნად დონეს. ეროვნული ინოვაციური პოლიტიკის სპეციფიკის განმსაზღვრელი უნდა გახდეს ეროვნული პრინციპების, მიზნების, ამოცანების გამოკვეთა და მისი შესრულების მეთოდების უნიკალური კომბინაციების ფორმირება. ინოვაციური სტრატეგიის შემუშავებისას მთავარია ინოვაციურ და სხვადასხვა პროცესში მონაწილეების ინტერესების ჰარმონიზაციის მაქსიმალური შესაძლო დონის მიღწევა.

 ლიტერატურა:

1. თ.შენგელია.ინოვაციური პროცესები ეკონომიკასა და ბიზნესში, თბილისი, „უნივერსალი“, 2018.

2. Модели националъных инновационных систем. Е.В. Бодрова, Н.Б.Голованова, В.В. Калинов. Москва, 2015.

3. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დებულება, ქ.თბილისი, 21 ნოემბერი, 2016.

4. საქართველოს კანონი ინოვაციების შესახებ, ქ.ქუთაისი, 22 ივნისი, 2016.

5. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო 2020“, ქ.თბილისი, 17 ივნისი, 2014.

6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულება, ქ.თბილისი, 11 თებერვალი, 2016.

7. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულება, ქ.თბილისი, 5 მარტი, 2014.

8. საქართველოს მთავრობის დადგენილება კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ, ქ.თბილისი, 3 თებერვალი, 2015.

9. საქართველოს კანონი გრანტების შესახებ, ქ.თბილისი, 28 ივნისი, 1996.

10. საქართველოს მთავრობის დადგენილება დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ, ქ.თბილისი, 11 მაისი, 2016.

11. გლობალური ინოვაციების ინდექსი: www.globalinnovationindex.org/analysis-economy

12. გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი: http://reports.weforum.org/globalcompetitiveness-report-2015-2016/economies/#economy=GEO

13. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, მოხსენებები: https://www.weforum.org/reports